Wednesday 13 May 2009

დემოკრატიული საქართველოს  საშინაო პოლიტიკა 

ქართველი სოციალ-დემოკრატების პოლიტიკური კონცეფცია ემყარებოდა მარქსიზმს, რომელიც კაპიტალისტური წყობილების სოციალისტურით შეცვლის მიზანშეწონილობას და გარდუვალობას ქადაგებდა.მათი რწმენით საქართველოს ჯერ უნდა გაევლო კაპიტალისტური განვითარების სტადია.პროგრამა მინიმუმი, რომელსაც ისინი გარკვეული ისტორიული ეპოქისათვის სახავდნენ, გულისხმობდა სოციალური სამართლიანობის მოწესრიგებას ისე რომ, ყველა საზოგადოებრივი ფენა უნდა უზრუნველეყოთ საყოფაცხოვრებო პირობებით. ქვეყნის მართვა-გამგეობა უნდა აგებულიყო ფართო დ ე მ ო კ რ ა ტ ი ზ მ ი ს ს ა ფ უ ძვ ე ლ ზ ე, საქართველოში მცხოვრებ ყ ვ ე ლ ა ე თ ნ ი კ უ რ ი ე რ თ ე უ ლ ი ს ინტერესთა გათვალისწინებით. ეკონომიკური და სოციალური წესრიგის ნიმუშად მიჩნეული ჰქონდათ შვეიცარია და ფინეთი. ეს იყო ევროპული წარმოდგენა სოციალიზმზე. ეს კი პრინციპულად უპირისპირდებოდა სოციალიზმის რუსულ მოდელს, ბოლშევიკურ მაქსიმალიზმს. ქართულ დემოკრატიულ სოციალიზმს ქვეყნის რეალური სინამდვილიდან გამომდინარე, გეზი აღებული ჰქონდა საზოგადოების საშუალო ფენებზე, როგორც მთავარ დასაყრდენ ძალაზე, ამ ფენებს ბოლშევიკები თვლიდნენ რევოლუციის მტრულ ძალად. მათ გეზი აგებული ჰქონდათ პროლეტარიატის დიქტატურაზე.
საქართველოს დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკა შეიქმნა იმ დროს, როცა მთელი მსოფლიო აწეწილი და აფორიაქებული იყო.მსოფლიო ომმა შთანთქა ყველა მეომარი ქვეყნის დოვლათი, გზა გაუხსნა სამეურნეო ნგრევის პროცესს. ეს პროცესი მტკივნეული იყო რუსეთისათვის, რომელზედაც საქართველო ეკონომიკურად მთლიანად იყო დამოკიდებული .
საქართველო ფლობდა დამოუკიდებელი ეკონომიკური ცხოვრების ყველა ატრიბუტს, მაგრამ მისი ეკონომიკური ცხოვრების წინსვლას ახშობდა გარეშე ძალა-რუსეთის ბიუროკრატიული წყობილება და ადმინისტრაციული აპარატი. საქართველოს არ ჰყავდა ეროვნული ბურჟუაზია, არ გააჩნდა ქვეყნის ეკონომიკურ შესაძლებლობათა ამოქმედების გამოცდილება.
ეკონომიკური ცხოვრების ყველაზე მძიმე პერიოდი დამოუკიდებლობის გამოცხადების პირველი წელი იყო, მაგრამ მთავრობა თანდათან ართმევდა თავს ამ სიძნეელეებს. შეიქმნა სპეციალური ფონდი მუშებისათვის. რკინიგზის მოსამსახურეებს გაუდიდდათ ხელფასი, ნაციონალიზებულ იქნა ტყიბულის ქვანახშირის წარმოება, აიგო ახალი საწარმოები, გაიხსნა სავაჭრო-სამრეწველო პალატა, შეიქმნა სააქციონერო და კოოპერატიულ საზოგადოებათა კავშირები.გამოიცა კანონი საფონდო მიწების შესყიდვის შესახებ.
მთავრობამ საიმედო საფუძველზე ააწყო საბანკო საქმე, შექმნა საკუთარი ფული, რომლის სიმტკიცე 1921 წლისათვის დიდად აღემატებოდა მეზობელი სახელმწიფოების, მათ შორის რუსული ბონების სიმტკიცეს. მიმდინარეობდა სახელმწიფო ბიუჯეტის ნორმალიზაცია, ისე რომ საქართველოს არცერთი სახელმწიფოს ვალი არ ჰქონია.

ფრაგმენტი იმდროინდელი ფინანსთა მინისტრის კ. კანდელაკის ემიგრაციაში დაწერილი წიგნიდან "საქართველოს ეროვნული მეურნეობა":


" დამოუკიდებელი საქართველო ეკონომიკური გასაჭირის ნიადაგზე არ დაღუპულა. ცოტა უფრო დიდხანს რომ გააეძლო მას, ყველასთვის თვალსაჩინო იქნებოდა თუ რა ადრე და რამდენად უსაფუძლოდ ლაპარაკობდნენ ეკონომიკური კატასტროფის შესახებ ჩვენში!რუსეთში და რუსეთიდან გამოყოფილ ბევრ სახელმწიფოში ნორმალური ეკონომიკური მდგომარეობის დასამყარებლად საჭირო გახდა არანაკლებ 7-8 წლისა. საქართველოს არ დასცალდა ამდენხანს არსებობა. იგი დაპყრობილი იქნა სწორედ მაშინ, როცა უკვე ჩასახული იყო მისი ეკონომიკური გამაგრების საშუალებანი და როცა იგი შევიდა საერთაშორისო ოჯახში, როგორც კანონიერი და სრულუფლებიანი წევრი". 

   გამოყენებული ლიტერატურა:

  1. აკაკი სურგულაძე "საქართველოს ისტორია"
  2.დავით მალაზონია და ნინო კვიტაიშვილი "საქართველოს ისტორია"